Monday, May 28, 2012

"ინკუნაბულა"-ს მესამე კვირის ანგარიში!

უნდი "ინკუნაბულა" წარმოგიდგენთ თავისი აქტივობების მესამე კვირის ანგარიშს პროექტის "წიგნების თაობა" ფარგლებში.

პირველყოვლისა გვინდა მოგახსენოთ ყველა გარემოებასა თუ მოვლენაზე, რაც ამ კვირაში ჩვენს გუნდთან კავშირში იყო:
"ინკუნაბულა" მთელი კვირის განმავლობაში ამუშავებდა 5 წიგნს ტესტების შესადგენად. დღეს ორმა კლასმა დაწერა ჩვენი შედგენილი ტესტი, ხვალ კერძო სკოლის "ჯეჯილი" მოსწავლეებს ვეწვევით ამავე მიზეზით. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუნივერსიტეტო სწავლის პარალელურად წიგნების დამუშავება საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და დიდი დროც მოითხოვა. თუმცა, ჯამში, ვფიქრობთ, ტესტები საკმაოდ მაღალ დონეზეა შედგენილი და ამას აღნიშნავენ მასწავლებლებიც.
ამ პერიოდში ჩვენ მეტ-ნაკლებად უყურადღებოდ დავტოვეთ ჩვენი ბლოგი. ახლა კი გამოკითხვაც დავამატეთ: რამდენად აინტერესებს ჩვენი ბლოგის სტუმრებს სხვადასხვა პოსტები, რომლებიც "წიგნების თაობასთან" კავშირში არაა. სანამ პასუხები ცნობილი ან შეცნობადი გახდება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ბლოგის დატვირთვას სხვადასხვა საინტერესო პოსტით.
ასევე, ჩვენმა გუნდმა მოიფიქრა რამდენიმე გზა სამოქმედოდ: ტესტირებების გარდა ამ კვირაში (შაბათიდან) დაიწყება ონლაინ-ვიქტორინები - კონკრეტულად რა სახის იქნება კითხვები, უახლოეს დღეებში მოგახსენებთ. ასევე, დაწერილია ე.წ. "ფლეშ-მობის" ვიდეოს სცენარი, გადაღებასაც სულ მალე დავიწყებთ და ჩვენი ბლოგის სტუმრებს, ჩვენს გულშემატკივართ თუ სხვებს ორიგინალური სცენებითაც "გავანებივრებთ".
უკვე არსებითად შევიცანით, რამდენად დამღლელია რამდენიმე კლასთან ერთად მუშაობა სხვადასხვა წიგნიდან კითხვარების შესადგენად, თუმცა მზად ვართ, ამ კვირიდან ძალიან ბევრი სიახლე შევმატოთ ჩვენს ასპარეზობას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ 126-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა (ძირითადად) "ბიბლუსში" შეიძინეს წიგნები "ნოეს შვილი". სამწუხაროდ, მათ არ ახსოვდათ ჩვენი შეთავაზება ფასდაკლებებთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ტესტირებებმა პირდაპირპროპორციულად გამოიწვია მოსწავლეთა ინტერესი როგორც, ზოგადად, წიგნის მიმართ (ეს ჩვენს პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ისედაც უზარმაზარი აქვთ), ისე - გამომცემლობის მიმართ. სამწუხაროდ, მე-9 კლასი მიზეზთა გამო გამოეთიშება პროექტს, თუმცა მათ შორისაც გამოვავლინეთ გამარჯვებული.
მესამე კვირაში ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მოქმედებებისთვის უფრო ფართო მასშტაბების მიცემა. ამრიგად, მოინახულეთ ჩვენი "პირწიგნაკის" გვერდი და ბლოგი და იყავით მუდამ ინფორმირებულნი (up-to-date).

გუნდი "ინკუნაბულა"

No comments:

Post a Comment