Friday, May 18, 2012

"ინკუნაბულა"-ს მეორე სტუმრობა 126-ე სკოლის მოსწავლეებთან


უნდი "ინკუნაბულა" გუშინ მეორედ ეწვია 126-ე სკოლის მოსწავლეებს, რათა მე-6 კლასელებისთვის ტესტირება ჩაეტარებინა იმ წიგნის შესახებ, რომლის წაკითხვაც მათ ერთი კვირის წინ დაევალათ. 


ადგილზე მისულებს სასწავლო ნაწილი - ქალბატონი გულიკო შეგვხვდა, რომელთანაც ჩვენ ვურთიერთობთ ამ კონკურსის ფარგლებში. მან გვითხრა, რამდენად იყო შესაძლებელი, ტესტირების საორშაბათოდ გადატანა, მიზეზად კი მიჯრით მიყოლებული გამოცდები დაასახელა, რომელიც ბავშვებს ჩასაბარებელია აქვთ. გავითვალისწინეთ-რა, რომ სწავლის დამამთავრებელი კვირები დაიწყო და, მართლაც, ბავშვებს წერითი გამოკითხვები უტარდებათ მრავალ საგანში, ბავშვებს ვადა ორშაბათამდე მივეცით. ამრიგად, 126-ე სკოლის მე-6 კლასს ჩვენ ორშაბათს ვეწვევით.
თანხმობის მიცემის შემდეგ ქალბატონმა გულიკომ გვკითხა, შეეძლოთ თუ არა კონკურსში მონაწილეობა 126-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებსაც, რომლებიც, მისი თქმით, ძალიან მოწადინებულები, დაინტერესებულები და, რაც მთავარია, წიგნებზე შეყვარებულები არიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადეთ და საპრეზენტაციოდ მე-9 კლასს მივაკითხეთ. წინ ამ კლასის ქართული ენის მასწავლებელი გაგვიძღვა. კლასში შესულებს მომღიმარი მოსწავლეები შეგვხვდნენ - როგორც ჩანს, ისინი მიხვდნენ საიდან და რისთვის ვიყავით.
ამ კლასთან პრეზენტაცია უფრო გაგვიადვილდა - ისინი ყურადღებით გვისმენდნენ და კითხვებსაც ისეთს გვისვამდნენ, რომ უფრო გვიადვილდებოდა თემატური საკითხების ჩამოყალიბება. როგორც ჩანს, ამ კლასის ყველა მოსწავლე თანახმაა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, წაიკითხოს კვირაში ერთხელ შერჩეული წიგნი და დაწეროს ტესტი. გამარჯვებულს კი გადაეცემა პრიზები, რომლებსაც აქ არ ვაკონკრეტებთ, მაგრამ, ბუნებრივია, იქნება წიგნები!
აღმოჩნდა, რომ კლასის ბავშვები ძალიან ნაკითხები არიან, თუმცა თანამედროვე მსოფლიო მწერლებით მაინცდამაინც არ ინტერესდებიან. ჩვენ ვეცდებით დავაინტერესოთ ისინი სწორედ ამ კუთხით და მათ შევურჩევთ ერთ-ერთ წიგნს სერიიდან "თარგმნილი პროზა" - იქ მრავლადაა თანამედროვე მწერალთა წიგნებიც და ზოგიერთი კლასიკოს მწერლად აღიარებული ნაწარმოებიც. ამრიგად, ორშაბათიდან 126-ე სკოლის მე-9 კლასიც აქტიურად ჩაერთვება ჩვენს კონკურსში.
დასასრულ, ვიტყვით, რომ დაინტერესება მოზარდებში ჩვენი კონკურსის მიმართ უფრო და უფრო აშკარა ხდება. ორშაბათს კიდევ ერთი სკოლის ბავშვები გაეცნობიან მონაწილეობის წესებს!
დღის ამსახველი სურათების სანახავად ეწვიეთ ჩვენი გუნდის "პირწიგნაკის" გვერდს!

No comments:

Post a Comment