Monday, May 21, 2012

გუნდის "ინკუნაბულა" კონკურსის პრეზენტაცია კერძო სკოლაში "ჯეჯილი"


ღეს, მას შემდეგ, რაც თბილისის ერთ-ერთმა საჯარო სკოლამ ტესტირება დაამთავრა (იხ. "126-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა პირველი ტესტი წერეს!"), ჩვენი გუნდი კერძო სკოლას "ჯეჯილი" ეწვია, სადაც მოსწავლეებს კონკურსი წარუდგინა.
პრეზენტაცია ამ კლასში საინტერესოდ წარიმართა - ქართული ენის პედაგოგმა ნება დაგვრთო ბავშვებთან დიდხანს გვესაუბრა. წარვუდგინეთ მოსწავლეებს ჩვენი თავი, გავაცანით პროექტი "წიგნების თაობა" და, რა საკვირველია, ჩვენი პროექტის შესახებაც მოვახსენეთ. ბავშვები ამჯერადაც ძალიან ნაკითხები გამოჩნდნენ, დაეტყოთ, რომ წიგნზე, მართლაც, შეყვარებულები არიან. ბევრი ვიმსჯელეთ, რა წიგნის წაკითხვას გადაწყვეტდნენ, ცხადია, სერიიდან "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდთათვის". გულწრფელად რომ ვთქვა, ხეირიანად ვერც გადავწყვიტეთ, თუმცა ერთ-ერთ ნაწარმოებზე შევჯერდით. სავარაუდოდ, სწორედ "უფლისწული და მათხოვარი" იქნება ის წიგნი, რომელთან დაკავშირებითაც ბავშვებს ტესტის დაწერა მოუხდებათ. ამ კლასში განსაკუთრებული სიმძაფრით შევიგრძენით, რა სირთულეები გველის სხვადასხვა ტესტის შედგენისთვის, რათა საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვავლინოთ ოთხკვირიანი ჭიდილის შემდეგ.
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდ ხელშეწყობას ვგრძნობთ პედაგოგთაგან, რომლებიც მოზარდთა წიგნიერების დონის ამაღლებაში შეუცვლელ როლს თამაშობენ. თუ 126-ე სკოლის სასწავლო ნაწილმა აღგვითქვა, რომ თავად მიაქცევდა ყურადღებას ბავშვების მომზადებს, "ჯეჯილის" VII კლასის ქართული ენის მასწავლებელმა ბავშვებს, მოტივირებისთვის, პირობა მისცა, რომ გამარჯვებულს თავადაც წაახალისებდა. უღრმეს მადლობას მოვახსენებთ პედაგოგებს დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, კონკურსის ბოლომდე მათ გვერდში დგომას კვლავაც ვიგრძნობთ.
შეხვედრის ამსახველი სურათები, რა საკვირველია, ჩვენი გუნდის "პირწიგნაკის" გვერდზე უნდა მოინახულოთ.

No comments:

Post a Comment