Wednesday, May 16, 2012

დავითგარეჯა - საქართველოს სიმდიდრე და მასთან დაკავშირებული უთანხმოებანი

იუხედავად იმისა, რომ პროექტთან დაუკავშირებელია, გვსურს გარკვეული შემეცნებითი სახეც მივცეთ ამ ინფორმაციას. გიამბობთ დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის შესახებ, წაიკითხავთ ისტორიას და ყველაზე მნიშნველოვან ფაქტებს. სჯობს ყველამ გამოვიხედოთ ცოტა წიგნსგარეთაც, თეიმურაზ ხევისთავივით რომ არ ვიქცეთ!

ამ არაჩვეულებრივ სამონასტრო კომპლექსს, პირველად, 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს ვეწვიე. 34-ე საჯარო სკოლის ("ქართული სასწავლებლის") მე-9 კლასის მოსწავლეები, ორი პარალელური კლასი დილით დავიძარით. მახსოვს, ჩვენს სამგზავრო ავტობუსს ძალიან გაუჭირდა ერთი მონაკვეთის გავლა, რუსთავს იქით. სანამ ჩავიდოდით საკმაო დრო იყო გასული და მეც და, ალბათ, ბევრ თანამგზავრსაც უკვე შიმშილის დაკმაყოფილების სურვილი გაგვიჩნდა. ჩასულებმა იქვე, მაღაზიაში შევიარეთ, სადაც, ხატებთან და "მამა დავითის ცრემლებთან" ერთად ჯვარი შევიძინე. ეს ჯვარი ერთხელ სახლში დავკარგე და მას შემდეგ სხვას ვატარებ, მაგრამ რაც აღმოვაჩინე, ვინახავ და საგულდაგულოდ ვუფრთხილდები. მაღაზიის შემდეგ მონასტერში შევედით: ყველა გაგვაოცა ამ უდაბნოში ასეთი ლამაზი კლდეში ნაკვეთი კომპლექსის არსებობამ. შესასვლელამდე კლდეა, რომელზეც გაყვანილია წყლის არხი. წვიმის წყალი ბოლოში, ჭაში გროვდება. შიგნით კელიები და სამლოცველოებია. თუ ამ მონასტერში ნამყოფი აქამდე არ ხართ, დამიჯერეთ, ბევრი დაგიკარგავთ!
პირველმა ექსკურსიამ დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე, აკი, დღესაც მახსოვს როგორ ჩაიარა იმ დღემ. მეტად აღარ მივიპყრობ ჩემი თავგადასავლით თქვენს ყურადღებას და ქვემოთ დავითგარეჯას ისტორიას გთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ პოსტი ერთობ დიდია, ვფიქრობ, ყველამ უნდა წაიკითხოს. ამბობენ, დავითგარეჯას სამჯერ მოლოცვა იერუსალიმში ყოფნის მადლის მატარებელიაო. მე უკვე სამჯერ ვიყავი!

დავითგარეჯა
დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.
დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა — ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.
 გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.
სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან დავითგარეჯა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

წყარო: ვიკიპედია

2012 წლის 6 მაისის მოვლენები
6 მაისი შემდეგ, დავით გარეჯში, მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონმა კირიონმა განუცხადა. 
მისივე თქმით, 6 მაისს, გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს. 
მღვდელმონაზონ კირიონის განცხადებით, მომხდარის შესახებ საპატრიარქოს შეატყობინეს, საპატრიარქომ კი  - საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა ხელისუფლებას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
მღვდელმონაზონის ცნობით, მონასტერი უდაბნო დავით გარეჯის მონასტრის მომიჯნავეა და უფრო მაღლა მდებარეობს. იქ აზერბაიჯანელი სამხედროები,  მონასტრის ბერების გარდა, უკვე არავის აღარ უშვებენ, მათ შორის  - მომლოცველებს.
მისი ცნობით, ქართველი მესაზღვრეები ტერიტორიის მხოლოდ პატრულირებას ახდენენ და გარეჯის ლავრასთან ახლოს დგანან, სასაზღვრო ზოლთან პერიოდულად მიდიან და უკან ბრუნდებიან. 
მღვდელმონაზონის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ეს მათი ტერიტორიაა და მონასტერი უდაბნო ალბანური კულტურის ძეგლია.
"აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ინტერესებსა და პოლიტიკას ახორციელებენ. ჩვენ რას ვშვრებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენსას და არ ვდგავართ პრინციპულ პოზიციაზე?! ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უწმინდესი ადგილი, ისტორიული მიწა - წყალი, სადაც 6 ათასი გარეჯელი ბერი მოისრა", -დასძინა მამა კირიონმა.
მისივე თქმით, სასურველია ხელისუფლებამ მიიღოს გადამჭრელი ზომები და ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი და მთელი ერი. 
"ადრე, როდესაც გარეჯში პოლიგონი იყო, ვამბობდით, რომ აფეთქებები სენაკებს აზიანებენ. ამის გამო მაშინ მთელს იმპერიას დავუპირისპირდით. დღეს, გარეჯი არა თუ ზიანდება, არამედ მას საერთოდ ვკარგავთ", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა. 
მღვდელ-მონაზონი მიიჩნევს, რომ თუ ამ პრობლემას რეაგირება არ მოჰყვება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დროთა განმავლობაში მონასტერ უდაბნოში ბერებსაც აღარ შეუშვებენ. 
წყარო: NEWS.ge

აქცია: ”დავიბრუნოთ დავითგარეჯი!”
”დავიბრუნოთ დავითგარეჯი!” - ამ სახელწოდების ჯგუფი ”ფეისბუქში” რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და მას უკვე 35 000-მდე წევრი ჰყავს.
”6 მაისს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს დავითგარეჯის მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია. აიკრძალა ქართველი მომლოცველებისა და ტურისტების შესვლა, რაც აღნიშნული ტერიტორიის საბოლოო დაკარგვას მოასწავებს. ჯგუფის მიზანია გავერთიანდეთ კუთვნილი ტერიტორიის დასაბრუნებლად” - წერია ჯგუფის აღწერაში.
მისი წევრები 20 მაისს საპროტესტო აქცია–მსვლელობას გეგმავენ, რომელიც 14 საათზე ვაკის პარკიდან დაიწყება, ყიფშიძის ქუჩაზე, აზერბაიჯანის საელჩოს წინ გადაინაცვლებს და ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდება. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება. 
”აქციის ძირითადი მოთხოვნაა,  საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელივიზიო არხებმა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია დავით-გარეჯის კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და პრეზიდენტმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დავითგარეჯის მონასტრის დეოკუპაციისთვის!” - წერს 35 000 წევრიანი ჯგუფის ადმინისტრატორი. 
წყარო: NEWS.ge


რეკომენდებული ბმულები:

წმიდა დავით გარესჯელის უდაბნო, შედგენილი მღვდელ-მონაზონ კალისტრატესაგან
დავით გარეჯი
„დავით გარეჯი“ - გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნის




No comments:

Post a Comment