Monday, June 18, 2012

"ინკუნაბულას" ბოლო რეპორტი "წიგნების თაობას"!

თავაზობთ ჩვენი გუნდის ბოლო ანგარიშს პროექტისთვის "წიგნების თაობა":
უწინარეს ყოვლისა, გვინდა, გულწრფელად, მადლობა გადავუხადოთ პროექტის "წიგნების თაობა" ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებსა და გამომცემლობას ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას") ძალზე საინტერესო პროექტის მოწყობისათვის. ამ პროექტმა, გულახდილად რომ გითხრათ, საშუალება მოგვცა, გაგვეგო ბევრი თანამედროვე როგორც ქართველი, ისე - უცხოელი მწერლის შესახებ, რაც ჩვენთვის აქამდე უცნობი იყო. ასევე, საშუალება მოგვეცა, გვეურთიერთა სხვადასხვა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, გავიცანით ახალგაზრდა მწერალიც, ჯაბა ზარქუა. ვფიქრობთ, პროექტმა ჩვენი მოლოდინი მთლიანად გაამართლა და ამისთვის უღრმეს მადლობას ვუხდით თამარ სუბელიანსა და, განსაკუთრებით კი, ნინო ნადიბაიძეს, რომელიც არასდროს დაგვზარებია რჩევასა თუ დახმარებაზე.
რაც შეეხება ჩვენს აქტივობას, მას შემდეგ, რაც მე-6 კვირაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მოგახსენებთ საერთო აქტივობის შესახებაც. კერძოდ: ამ კვირის დასაწყისშივე შევთავაზეთ ჩვენ ორგანიზატორებს მორიგი დავალების - iBook.ge-ის შესახებ 3 სხვადასხვა ვიდეო-რგოლი, რომელთაგან სამივე სხვადასხვა იდეის მატარებელია, რაც ვიდეოს ბოლოს ლოზუნგებშიც ჩანს. ამაზე აქ აღარ შევჩერდები, რადგან ცალკე პოსტადაც გვიდევს სამივე ვიდეო. ამას გარდა, ამავე კვირაში ჩვენი გუნდი ჩვენსავე მოწყობილი კონკურსის-ტესტირებების ფარგლებში შევხვდით ჯაბა ზარქუას და მისივე ავტოგრაფით გავაფორმეთ გამარჯვებულთათვის გადაცემული წიგნები. ჯაბამ თითოეულ სკოლაში 30-40 წუთიანი შეხვედრა გამართა და ისაუბრა როგორც სიტუაციაზე სკოლებში, ისე - წიგნიერებასა და სხვა საინტერესო თემებზე. კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ ონლაინ-გამოკითხვა და გამოვავლინეთ გამარჯვებული. ამჯერად კითხვები თანამედროვე ქართველი მწერლების ბიოგრაფიიდან შევადგინეთ, რომელიც განთავსებულია გამომცემლობის ვებ-გვერდზე.
გვსურს, ზოგადად მაინც შევეხოთ წინა კვირებს: ჩვენი მთავარი გეზი, სამოქმედო გეგმისამებრ, იყო მოსწავლეებთან ტესტირებების წერა. ციფრებზე აქ აღარ შევჩერდებით, მაგრამ ვიტყვით, რომ 100-მდე მოსწავლემ, ჯამში, ერთ თვეში 5-5 წიგნი წაიკითხა. გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ მოვახერხეთ მოსწავლეთა რიცხვის გაზრდა, თუმცა, ჩვენი მხრივ, ამითაც კმაყოფილები ვართ. გავიცანით ძალიან ნაკითხი მოსწავლეები, თბილი მასწავლებლები და, რა თქმა უნდა, მწერლები - ავტორები იმ წიგნებისა, რომლებსაც მთელი კვირის მანძილზე ვამუშავებდით. ამას გარდა, ჩვენმა გუნდმა დაიწყო ონლაინ-ვიქტორინა Facebook-ის გვერდზე, სადაც ასევე გამოვავლინეთ სამი გამარჯვებული, გადავეცით წიგნები და ფასდაკლების ბარათები. კიდევ ერთ მიმართულებად ბოლო კვირებში იქცა ვიდეო-რგოლების გადაღება ჯერ "შიმშილის თამაშების", ხოლო შემდეგ კი - iBook.ge-ის შესახებ.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა პროექტის "წიგნების თაობა" ორგანიზატორებს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საინტერესო პროექტში.
ვფიქრობთ, მცირეხნიანი (შემოქმედებითი) პაუზის შემდეგ ჩვენი ბლოგი განაახლებს მუშაობას და დადებს როგორც თავშესაქცევ პოსტებს, ისე - სიახლეებს გამომცემლობისა და წიგნების შესახებ. ეს იმიტომ, რომ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" ძალიან ბევრი საინტერესო აქცია აქვს ხოლმე, რის შესახებაც, საწყის ეტაპზე მაინც, თუნდაც (საიტის) სტუმართა ვიწრო წრეს მაინც ვაცნობებთ ხოლმე.
გმადლობთ პროექტისთვის!
პატივისცემით,
გუნდი "ნკუნბულ"

No comments:

Post a Comment