Saturday, June 16, 2012

ჯაბა ზარქუას შეხვედრა კონკურსანტებთან

მ კვირაში "ინკუნაბულამ" თავის კონკურსში მონაწილე კლასებიდან გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ოთხშაბათის შეხვედრა საინტერესო გამოდგა. მწერალი ჯაბა ზარქუა დღის პირველი საათიდან ჩვენთან ერთად იყო. ჯერ ვეწვიეთ 126-ე სკოლას და სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში დავაჯილდოვეთ ამავე სკოლის მე-9 და მე-6 კლასის მოსწავლეები. პირველადგილოსნებს გადაეცათ ჯაბა ზარქუას წიგნები, ხოლო პირველ 3 ადგილზე გასულ მოსწავლეს სიგელი. ამასთან, მე-6 კლასში გამორჩეულად კარგ კონკურსანტს - ნინი რევიშვილს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, გადავეცით მარი ბექაურის წიგნი "ელექტროთაობა". ჯაბამ ისაუბრა სკოლებზე, ბავშვების დამოკიდებულებაზე წიგნებთან, თავისი წიგნების შესახებ და ამგვარი პროექტების მნიშვნელობაზე, როგორიც "წიგნების თაობაა". მწერალმა გამარჯვებულებს ავტოგრაფიც აჩუქა თავისსავე წიგნზე.
მორიგი შეხვედრა გაიმართა კერძო სკოლაში "ჯეჯილი", სადაც, ასევე, თითო კლასიდან თითო გამარჯვებული გამოვავლინეთ და გადავეცით ჯაბა ზარქუას წიგნები. პირველ სამ ადგილზე გასულებს გადავეცით, ასევე, სიგელები. ამასთან, სიგელების პატრონებს ექნებათ 25%-იანი ფასდაკლება "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში" სექტემბრამდე.
გვინდა ვთქვათ, რომ ამგვარი კონკურსი, რომელიც ჩვენ გავმართეთ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მტკიცებით, ძალიან შედეგიანი გამოდგა, რადგან, როგორც ტესტებშიც ჩანდა, მოსწავლეებმა, თუ არ დაიწყეს (ამაზე პრეტენზია არ გვაქვს), განაახლეს მაინც კითხვა. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო კვირაში 4-5 წიგნის დამუშავება, მიუხედავად დროის სიმცირისა. ასევე საინტერესო იყო, ბავშვების განწყობა პროექტისადმი. მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ამგვარი პროექტები (ამ შემთხვევაში, ჩვენი პროექტი), ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ბავშვს წიგნის წასაკითხად.
კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ყველა მონაწილეს, ასევე მასწავლებლებსა და სკოლების ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის!
გულწრფელ მადლობას ვუხდით ჯაბა ზარქუასაც, რომ არ დაგვზარდა, ძალიან სიცხიან ამინდში ბავშვებს შეხვედროდა!

No comments:

Post a Comment